ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა თანამედროვე ქართველი ავტორების პირველი ელექტრონული ბაზა შექმნა. ახალ ბაზას ცენტრის ვებ-გვერდზე www.book.gov.ge ნებისმიერ დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ პირს შეუძლია გაეცნოს.
პრეზენტაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდნენ. ღონისძიებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი, მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები დაესწრნენ.
ბაზა ინგლისურენოვანია და ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. მასში წარმოდგენილია პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ავტორების პორტფოლიოები - ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია, ინფორმაცია ლიტერატურული ჯილდოების შესახებ, ლიტერატურული ნაწარმოებების სინოფსისები და უცხოენოვანი საცდელი თარგმანები. აღსანიშნავია, რომ ბაზა მდიდარია არა მარტო ტექსტუალური, არამედ ფოტო მასალითაც. მოქნილი საძიებო სისტემით შესაძლებელია დაინტერესებული პირი პარალელურ რეჟიმში გაეცნოს ინფორმაციას როგორც მწერლის, ასევე მისი ნაწარმოებების შესახებ. ნაწარმოებები დაყოფილია მხატვრული, დოკუმენტური, პოეზია და საბავშვო-საყმაწვილო კატეგორიების მიხედვით. ბაზაში უკვე შეტანილია რამდენიმე ათეული ავტორი და მიმდინარეობს მისი შევსება-განახლება.
პირველი სრულყოფილი ელექტრონული ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია ქართველი ავტორების და მათი ნაწარმოებების საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ქართველი მწერლებისა და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის მიმართ საზღვარგარეთ ინტერესისა და ცნობადობის, საავტორო უფლებების გაყიდვების, უცხო ენებზე თარგმნისა და საზღვარგარეთ გამოცემის რიცხოვნობის ზრდას.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ქართველ გამომცემლებთან ერთად შეეცდება უახლოეს მომავალში ბაზის საბოლოო ფორმირებას, რათა საერთაშორისო ლიტერატურულ სივრცეში მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი შეიქმნას თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების შესახებ.