პროფესიული პროგრამები მთარგმნელებისათვის

  • მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ლორენის მთარგმნელთა კოლეგიის კოორდინირებითა და გერმანულ მთარგმნელობით ფონდთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 18-24 ნოემბერს, შვეიცარიაში, ლორენის მთარგმნელობით სახლში, გაიმართება ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის. ხუთდღიან პროგრამას გაუძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მთარგმნელები როზმარი თითცე, ანდრეა ოთი და რეფერენტი-პროფესორი ალექსანდრე კარტოზია. სემინარის განმავლობაში მონაწილეები ხელმღვანელებთან ერთად იმუშავებენ წარმოდგენილი მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის თარგმანებზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 სექტემბერი. 
დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო პირობები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://www.looren.net/de/werkstaetten/ 

სააპლიკაციო ფორმა 


 

  • მთარგმნელობითი სემინარი მხატვრული ლიტერატურის ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელებისათვის 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გერმანული მთარგმნელობითი ფონდის პროგრამასთან და რობერტ ბოშის ფონდთან თანამშრომლობით, ევროპის მთარგმნელთა კოლეგია აცხადებს კონკურსს მხატვრული ლიტერატურის ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელებისათვის სემინარში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შტრალენში, გერმანია. სემინარს კოორდინირებას უწევს ევროპის მთარგმნელთა კოლეგია. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის (პროზის) მთარგმნელებს, რომლებიც გერმანულ ენას თითქმის მშობლიურის დონეზე ფლობენ. 5 დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად განიხილონ სათარგმნად შერჩეული ტექსტები. მონაწილეობის მიღება უფასოა, სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯი დაფარული იქნება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. სემინარს უხელმძღვანელებენ გამოცდილი მთარგმნელი როზმარი თითცე და ანდრეა ოთი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 4 ოქტომბერი. კონკურსის შედეგებს გაცნობებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

საკონკურსო პირობები   


 

  • მთარგმნელობითი სემინარი მხატვრული  ლიტერატურის გერმანულიდან ქართულ ენაზე და ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელებისათვის 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გერმანული მთარგმნელობითი ფონდის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის მთარგმნელთა ფონდთან, რობერტ ბოშის ფონდთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხელოვნების ფონდ NRW-სა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს მხატვრული პროზის მთარგმნელებისთვის ლიტერატურულ მთარგმნელობით სემინარზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით შტრალენში, გერმანიაში. პროექტის კოორდინატორია ევროპის მთარგმნელთა კოლეგია. აღნიშნული სემინარის ფარგლებში თორმეტი მთარგმნელი ერთად იმუშავებს მხატვრული ტექსტის თარგმანზე ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულ ენაზე. ინტენსიური მთარგმნელობითი პროგრამა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სემინარს გაუძღვებიან როზმარი თითცე და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (ქართულიდან გერმანულად), ალექსანდრე კარტოზია (გერმანულიდან ქართულად). გერმანულ-ქართულ და ქართულ-გერმანულ ენებზე გარკვეული გამოცდილების მქონე მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. მთარგმნელებს საშუალება ეძლევათ სათარგმნი ტექსტი თავად შეარჩიონ, თუმცა სასურველია უპირატესობა მიენიჭოს ისეთ ტექსტებს, რომლებიც ჯერ არ თარგმნილა. 

საკონკურსო პირობები


 

  • კონკურსი ლიტერატურულ მთარგმნელობით სემინარში მონაწილეობისთვის

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოსთან, ბრიტანულ ლიტერატურულ მთარგმნელობით ცენტრთან და ნორიჩის მწერალთა ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს მხატვრული პროზის მთარგმნელებისთვის ლიტერატურულ მთარგმნელობით სემინარზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით თბილისში, საქართველოში. აღნიშნული სემინარის ფარგლებში რვა მთარგმნელი ერთად იმუშავებს მხატვრული ტექსტის თარგმანზე ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულ ენაზე. ინტენსიური მთარგმნელობითი პროგრამა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სემინარს გაუძღვებიან ელიზაბეტ ჰეივეი და თამარ ჯაფარიძე. ინგლისურ-ქართულ და ქართულ-ინგლისურ ენებზე გარკვეული გამოცდილების მქონე მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით


კანდიდატებმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, CV, საცდელი თარგმანი ორიგინალ ტექსტთან ერთად (მაქსიმუმ 500 სიტყვა) უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: maghlakelidze@book.gov.ge

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2015 წლის 29 ივნისს.

საკონკურსო პირობები

სააპლიკაციო ფორმა


  • მთარგმნელობითი სემინარი ქართული ლიტერატურის გერმანულად მთარგმნელთათვის

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება ,,მთარგმნელობითი სემინარი ქართული ლიტერატურის გერმანულად მთარგმნელთათვის“. პროექტის ორგანიზატორია ქართული კულტურის ფორუმი, ხოლო მხარდამჭერი ორგანიზაციები: ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულო. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობას მიიღებს 6 მთარგმნელი. სემინარებს გაუძღვებიან ექსპერტები: პროფესორი ალექსანდრე კარტოზია და ედუარდ შრაიბერი (მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი). აღსანიშნავია, რომ მთარგმნელობითი სემინარის დასრულების შემდგომ გერმანულ ენაზე ექვსი ქართველი ავტორის ნაწარმოების საცდელი თარგმანი მომზადდება.