მთარგმნელობითი პროგრამა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთარგმნელობითი პროგრამა განკუთვნილია ქართული და უცხოური გამომცემლობებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულ ენებზე თარგმნა და გამოცემა. 2010-2015 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში არაერთი ქართველი თუ უცხოელი ავტორის ნაწარმოების თარგმნა და გამოცემა დაფინანსდა.
პროგრამა „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა.

1. პროგრამის პირობები

1.1 პროგრამა განკუთვნილია უცხოური გამომცემლობებისათვის;
1.2 გამომცემლობის მიერ სათარგმნად და გამოსაცემად შერჩეული ქართული ლიტერატურული ნაწარმოები არ უნდა იყოს წიგნად გამოცემული შესაბამის უცხო ენაზე, შესაბამის ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში (ბოლო 25 წლის განმავლობაში გამოცემული ქართული ლიტერატურის თარგმანის შემთხვევაში განმცხადებელს საშუალება ეძლევა, პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ სასტამბო ხარჯის დაფარვა მოითხოვოს);
1.3 წიგნის გამოცემა უნდა განხორციელდეს გამომცემლობასა და ცენტრს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ;
1.4 განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელთაც არ გააჩნიათ დამატებითი დაფინანსება სხვა წყაროდან. დამატებითი დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დაფინანსება არ უნდა ფარავდეს ხარჯის იმ კატეგორიას რომელსაც გამომცემლობა მოითხოვს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისგან.

2. განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა

2.1 მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს უცხოური გამომცემლობის დირექტორმა ან გამომცემლობის ნდობით აღჭურვილმა პირმა, რომელსაც დელეგირებული აქვს ხელმოწერის უფლება;
2.2 განაცხადების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.book.gov.ge;
2.3 უცხოურმა გამომცემლობებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული სახით ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ელ-ფოსტაზე: info@book.gov.ge  
2.4 განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველწლიურად 3 სააპლიკაციო პერიოდად:

  • I სააპლიკაციო პერიოდი: 1 სექტემბერი - 1 ნოემბერი 
  • II სააპლიკაციო პერიოდი: 1 დეკემბერი - 1 თებერვალი 
  • III სააპლიკაციო პერიოდი: 1 ივნისი - 1 ივლისი 


2.5 განაცხადების წარმოდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით;
2.6 საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება.

3. მოთხოვნილი დაფინანსება

„ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი კატეგორიები:

  • თარგმანის ხარჯი 100 %-მდე 

  • ბეჭდვის ხარჯი 100 %-მდე 

* პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტებს, რომელთა ხელშეწყობისათვის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისგან მოთხოვნილი იქნება მხოლოდ ერთ-ერთი კატეგორიის დაფინანსება.

4. განაცხადების შეფასების პროცედურა

4.1 ვადების დაცვით წარმოდგენილი განაცხადები განსახილველად გადაეცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს;
4.2 სამეთვალყურეო საბჭო გამოავლენს დასაფინანსებლად შერჩეულ განაცხადებს;
4.3 შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით თითოეული სააპლიკაციო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 კვირის განმავლობაში.

5. სავალდებულო დოკუმენტაცია*

5.1 შევსებული საკონკურსო განაცხადის ფორმა, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი;
5.2 მთარგმნელის რეზიუმე / CV (რეზიუმეში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მხოლოდ მთარგმნელობითი გამოცდილება, თარგმანების ნუსხა);
5.3 მთარგმნელთან დადებული ხელშეკრულების ასლი (ორმხრივად ხელმოწერილი);
5.4 საავტორო უფლებების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ასლი (ორმხრივად ხელმოწერილი);
5.5 ანთოლოგიის შემთხვევაში - გამოცემის დეტალური აღწერილობა (ავტორების და ნაწარმოებების მითითებით);
5.6 პროექტის დეტალური ბიუჯეტი. გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი (წარმოდგენილი ბიუჯეტი უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი ქვეყნის საგამომცემლო ბაზარზე არსებულ რეალურ ფასებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება).
5.7 აღნიშნულ პროექტში სხვა თანადაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი თანადაფინანსებაზე (დაფინანსების კატეგორიისა და თანხის მითითებით);
5.8 განმცხადებელი გამომცემლობის ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები დამოწმებული ბანკის მიერ (საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელის, ბანკის დასახელების და მისამართის, IBAN, SWIFT მითითებით). გთხოვთ, იხილოთ ნიმუში;

* საჭიროების შემთხვევაში, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

6. დაფინანსების და ხელშეკრულების პირობები

6.1 დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდგომ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ გამომცემლობებთან აფორმებს ხელშეკრულებას;
6.2 ხელშეკრულება დაეფუძნება:
ა) საავტორო უფლებების მფლობელთან დადებულ ხელშეკრულებას;
ბ) მთარგმნელთან დადებულ ხელშეკრულებას;
გ) პროექტის დეტალურ ბიუჯეტს;
6.3 ხელშეკრულებას ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი: ერთი მხრივ, ცენტრის დირექტორი, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური გამომცემლობის დირექტორი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი;
6.4 პროექტის განხორციელება უნდა დაექვემდებაროს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს;
6.5 დაფინანსება განხორციელდება პროექტის დასრულებისა და ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ;
6.6 ხელშეკრულების პირობები შესრულებულად ითვლება მას შემდეგ, რაც:
ა) უცხოური გამომცემლობა გამოსცემს წიგნის სრულ ტირაჟს, რომელიც მითითებული იქნება აპლიკაციასა და ხელშეკრულებაში;
ბ) ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში წარმოადგენს გამოცემული წიგნის არანაკლებ 5 ეგზემპლარს
გ) წარმოადგენს სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში გათვალისწინებულ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (მთარგმნელსა და გამომცემელს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტი და გამოცემის სრული ტირაჟის ბეჭდვის დამადასტურებელი დოკუმენტი);
6.7 უცხოური გამომცემლობა ვალდებულია, გამოცემულ წიგნში აღნიშნოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ, კერძოდ წიგნში მითითებული უნდა იყოს ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლოგოები და შემდეგი სიტყვები: წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
6.8 გამომცემლობა იღებს ვალდებულებას წიგნის შემდგომ გამოცემებშიც, განათავსოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ლოგო და წარწერა „წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით“ და ასევე ყოველ ახალ გამოცემულ ტირაჟზე ცენტრს მიაწოდოს წიგნის 3 ეგზემპლარი.