სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგიის ორგანიზებით მიმდინარე წლის 16-22 ნოემბრის განმავლობაში გერმანიაში, ქალაქ შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგია მხატვრული ლიტერატურის გერმანელი და ქართველი მთარგმნელებისათვის მთარგმნელობითი სემინარს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში მხატვრული ლიტერატურის 12 მთარგმნელი იღებს მონაწილეობას, სესიებს ხელმძღვანელობენ როზმარი ტიტცე და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (ქართულიდან გერმანულად), ალექსანდრე კარტოზია (გერმანულიდან ქართულად). ჯგუფები (ქართულიდან გერმანულ ენაზე და გერმანულიდან ქართულ ენაზე მთარგმნელები) მუშაობენ როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე და დისკუსიებს მართავენ სათარგმნად შერჩეულ ტექსტებთან დაკავშირებით.

მონაწილეები მოწვეულ სტუმრებთან, დირკ კნიპალსთან (ლიტერატურის კრიტიკოსი, “Tageszeitung”-ის ჟურნალისტი) და ტატიანა მიხაელისთან (გერმანული გამომცემლობის “Carl Hanser Verlag“ რედაქტორი) ერთად განიხილავენ იმ აქტუალურ საკითხებს, რომლებიც ზოგადად მხატვრული თარგმანის შესრულებას ახლავს თან.

პროექტის მხარდამჭერები არიან: გერმანული მთარგმნელობითი ფონდის პროგრამა, რობერტ ბოშის ფონდი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხელოვნების ფონდი NRW, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.