ქართველი და ბრიტანელი მთარგმნელებისთვის თბილისში პროფესიული სემინარები იმართება. პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ნორიჩის მწერალთა ცენტრთან, ბრიტანელ მთარგმნელთა ცენტრთან, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან და საქართველოში ევროპის სახლთან თამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
სემინარებს ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი დანიელ ჰანი ქართველ მთარგმნელთან თამარ ჯაფარიძესთან ერთად უხელმძღვანელებს, სამუშაო პროცესში ასევე აქტიურად იქნება ჩართული ბრიტანელ მთარგმნელთა ცენტრის წარმომადგენელი ქეით გრიფინი.
სემინარის მონაწილეები თანამედროვე ბრიტანელი და ქართველი მწერლების დევიდ სზალაის და ზურაბ ქარუმიძის თანხლებით მათივე ნაწარმოებების ფრაგმენტებს თარგმნიან.
ხუთდღიანი მთარგმნელობითი სესიების ფარგლებში ბრიტანელი და ქართველი მთარგმნელები მხატვრული ტექსტის ქართულიდან ინგლისურ და ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნის კუთხით ინდივიდუალურად და ჯგუფურად იმუშავებენ. ინტენსიური კურსი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.
მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, სემინარების განმავლობაში ხელმძღვანელები მონაწილეებთან მხატვრული თარგმნის თავისებურებებს, სპეციფიკასა და სირთულეებს განიხილავენ.
სემინარები 7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.