ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე განახლებული სტენდით წარსდგა.
ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი გამოცემები.
12 მარტს ფორუმზე ,,რას კითხულობს ლაიფციგი?“ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი 2014 წელს გამოიცა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით, გერმანული საგამომცემლო სახლის „რაიჰერტის“ მიერ.
ქართული წიგნის სექტორის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები საერთაშორისო ბაზრობების წარმომადგენლებთან, უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურულ აგენტებთან, მთარგმნელებთან.
წლის პირველი წიგნის ბაზრობა ლაიფციგში 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.