5-6 თებერვალს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი, ტობიას ვოსი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი, სიმონე ბიულერი სტუმრობდნენ.
გერმანელმა ექსპერტებმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან მედეა მეტრეველთან ერთად 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სემინარები - „როგორ მოვემზადოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამისთვის“ გამართეს.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორდღიან სპეციალურ პროფესიულ სემინარებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელოვნებო და სამეცნიერო ორგანიზაციების და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტის ბოლოს გერმანელ ექსპერტებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე ორდღიანი სემინარის შედეგები შეაჯამეს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, უახლოეს მომავალში, განსახორცლებელ გეგმებზე იმსჯელეს.