საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სრულიად ახალ კინოპროექტს - „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ განახორციელებს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ პროექტი დღეს გამომცემლებსა და ქართული კინემატოგრაფიის წარმომადგენლებს გააცნეს.
პროექტი მიზნად ისახავს, ქართველი მწერლების აქტიურად ჩართვას ქართულ კინოპროცესში და ქართული კინოსცენარების გამდიდრებას მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებით. პროექტი ემსახურება ქართველი გამომცემლების, მწერლებისა და რეჟისორების ურთიერთ-თანამშრომლობის გაღრმავებას.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის დასაფინანსებლად გამოცხადდება კონკურსი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება 2 წლის განმავლობაში.
იანვრის ბოლოს კულტურის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი გამომცემლები, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართველი რეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები. შეხვედრის ფარგლებში გამომცემლები წარმოადგენენ მათ მიერ გამოცემულ ნაწარმოებების პრეზენტაციას, რომელთა მიხედვით კინოსცენარები შეიქმნება.
გამარჯვებული პროექტი 2016 წელს დაფინანსდება და ჩაეშვება წარმოებაში. ამ პროექტისთვის საკონკურსო ფონდი დამატებით გამოიყოფა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, განვითარებულ ეტაპამდე მივა კიდევ 4 კინოსცენარი, რომლებსაც ექნებათ შანსი, სხვადასხვა წყაროთი მოიპოვონ დაფინანსება წარმოებისთვის.
ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია საინტერესო იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტშიც, რადგან ამ წელს მთავარი სტუმარი საქართველო იქნება. ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც შექმნილი კინოსცენარი კონკურსში გაიმარჯვებს, ითარგმნება გერმანულ ენაზე და წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ბაზრობა ასევე თანამშრომლობს ბერლინალესთან. ამიტომ ეს დამატებითი ასპარეზი იქნება ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმისთვის.