სიახლეები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველო, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა ოფიციალურად წარუდგინა. პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა გამართეს. წამყვან ევროპულ მედია-საშუალებებთან მიხეილ გიორგაძემ პროექტის მნიშვნელობასა და დაგეგმილ კულტურულ პროგრამაზე ისაუბრა, მედეა მეტრეველმა კი პროექტის კონცეფცია და ძირითად გზავნილები, ოფიციალური ვებგვერდი, ანიმაციური ვიდეო-რგოლი და ლიტერატურული პროგრამა წარადგინა.

პრესკონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მწერლისა და ლიტერატორის პერსპექტივიდან ვიდეო ჩანაწერით ქართული წარმოშობის გერმანელმა ავტორმა ნინო ხარატიშვილმა მიმართა.

2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამის მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კონრად ადენაუერის ფონდი, კომპანია Weinland Georgien, ღვინო „ბუნებური“.