პროგრამა „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ განკუთვნილია ქართველი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.
1. პროგრამის პირობები
1.1 პროგრამა „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ განკუთვნილია ქართული გამომცემლობებისთვის;
1.2 სათარგმნად შერჩეული უცხოური ლიტერატურა უნდა განეკუთვნებოდეს შემდეგ ლიტერატურულ ჟანრებს: პროზა, პოეზია, დრამატურგია, სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური პროზა (პროგრამა არ ითვალისწინებს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის, ლექსიკონების და საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის თარგმანების ხელშეწყობას);
1.3 გამომცემლობის მიერ სათარგმნად და გამოსაცემად შერჩეული უცხოური ლიტერატურა არ უნდა იყოს ცალკე წიგნად გამოცემული ქართულ ენაზე*;
1.4 განაცხადების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ავტორს, რომლის ნაწარმოებების თარგმანები 3-ზე მეტ ქვეყანაშია გამოცემული;
1.5 უცხოური მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანი ორიგინალიდან უნდა იყოს შესრულებული;
1.6 გამომცემელს არ შეუძლია შემოიტანოს განაცხადი იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პროექტის თარგმანის ხარჯის დასაფარად მოპოვებული აქვს ან გეგმავს მოიპოვოს დამატებითი დაფინანსება სხვა წყაროდან;
1.7 2019 წელს დაფინანსებული პროექტები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა.
* იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ქართულ ენაზე გამოცემული უცხოური ლიტერატურის ახალი თარგმანის გამოცემაზე, განმცხადებელმა ან მთარგმნელმა, მოთხოვნილ სავალდებულო დოკუმენტაციას უნდა დაურთოს სამოტივაციო წერილი, სადაც წამოდგენილი იქნება ნაწარმოების ხელახალი თარგმნის საჭიროების დასაბუთება.
2. მოთხოვნილი დაფინანსება
ქართული გამომცემლობის მხრიდან პროექტისთვის მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლებელია ითვალისწინებდეს მხოლოდ თარგმანის ხარჯის დაფარვას.
3. დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა
3.1 მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს გამომცემლობის დირექტორმა ან გამომცემლობის ნდობით აღჭურვილმა
პირმა, რომელსაც დელეგირებული აქვს ხელმოწერის უფლება;
3.2 გამომცემლებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ელექტრონული (CD) და ნაბეჭდი სახით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება);
3.3 პროგრამა „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ცხადდება ყოველწლიურად. განსახორციელებელი პროექტებისთვის განაცხადების მიღება იწარმოებს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის 9 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით (18 საათამდე) შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, ტელ.: 2391174;
3.4 თითოეულ გამომცემლობას შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს სამი განაცხადისა;
3.5 განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით;
3.6 საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება.
4. განაცხადების შეფასების პროცედურა
4.1 ვადების დაცვით წარმოდგენილი განაცხადები განსახილველად გადაეცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს;
4.2 სამეთვალყურეო საბჭო გამოავლენს დასაფინანსებლად შერჩეულ განაცხადებს;
4.3 შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.
5. სავალდებულო დოკუმენტაცია
5.1 შევსებული განაცხადის
ფორმა;
5.2 წიგნის ავტორის მოკლე ბიოგრაფია;
5.3 საავტორო უფლებების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ასლი (ორმხრივად ხელმოწერილი);
5.4 მთარგმნელის რეზიუმე / CV (რეზიუმეში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მთარგმნელობითი გამოცდილება);
5.5 მთარგმნელთან დადებული ხელშეკრულების ასლი (ორმხრივად ხელმოწერილი);
5.6 წიგნის მოკლე ანოტაცია (პრემიები);
5.7 ანთოლოგიის შემთხვევაში - გამოცემის დეტალური აღწერილობა (ავტორების და ნაწარმოებების მითითებით);
5.8 თარგმანის ნიმუში (არანაკლებ 5 გვერდისა) ორიგინალთან ერთად;
5.9 პროექტის დეტალური ბიუჯეტი;
5.10 აღნიშნულ პროექტში სხვა თანადაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი:
ა) თანადაფინანსებაზე (თანხის მითითებით და ხარჯის კატეგორიის მითითებით);
ბ) ცენტრის მიერ თანადაფინანსებაში მონაწილეობაზე;
5.11 განმცხადებელი გამომცემლობის ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის მიერ (საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელის, ბანკის დასახელების და მისამართის, IBAN, SWIFT მითითებით).
* საჭიროების შემთხვევაში, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
6. დაფინანსების და ხელშეკრულების პირობები
6.1 დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდგომ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გამომცემლობებთან აფორმებს ხელშეკრულებას;
6.2 ხელშეკრულება დაეფუძნება:
ა) საავტორო უფლებების მფლობელთან დადებულ ხელშეკრულებას;
ბ) მთარგმნელთან დადებულ ხელშეკრულებას;
გ) პროექტის დეტალურ ბიუჯეტს;
6.3 ხელშეკრულებას ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი: ერთი მხრივ, ცენტრის დირექტორი, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული გამომცემლობის დირექტორი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი;
6.4 პროექტის განხორციელება უნდა დაექვემდებაროს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს;
6.5 დაფინანსება მოხდება პროექტის განხორციელების და ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ;
6.6 ხელშეკრულების პირობები შესრულებულად ითვლება მას შემდეგ, რაც:
ა) ქართული გამომცემლობა გამოსცემს წიგნის სრულ ტირაჟს, რომელიც მითითებილი იქნება აპლიკაციასა და ხელშეკრულებაში;
ბ) ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში წარმოადგენს გამოცემული წიგნის არანაკლებ 15 ეგზემპლარს;
გ) სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში გათვალისწინებულ ხარჯვის და წიგნის ბეჭდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (მთარგმნელსა და გამომცემელს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტი და გამოცემის სრული ტირაჟის ბეჭდვის დამადასტურებელი დოკუმენტი);
6.7 გამომცემლობა ვალდებულია, გამოცემულ წიგნში აღნიშნოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ, კერძოდ, წიგნში მითითებული უნდა იყოს ცენტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლოგოები და შემდეგი სიტყვები: წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.