სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ქართული წიგნის ბაზრის კვლევა ჩატარდა. ეს პირველი სრულფასოვანი კვლევაა 2012 წლის შემდეგ. კვლევის შედეგები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან გვანცა ჯობასვასთან ერთად ქართველ გამომცემლებს თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გააცნო.

კვლევა ორგანიზაციამ „ეისითი-კვლევა“ ჩაატარა. 2013-2015 წლებში წიგნის სექტორში არსებული ვითარების სრული შესწავლის მიზნით გამოკითხულ იქნა როგორც გამომცემლობები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები, ასევე ელექტრონული წიგნების მაღაზიები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები და მკითხველი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 34 გამომცემელმა, 700 მკითხველმა.

კვლევის მიზანია წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღებით წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება, სუსტი მხარეების გამოვლენა და არსებული პრობლემების დადგენა, ანალიზის საფუძველზე კი კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარებისა და მკითხველთა ბაზის გაფართოების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისათვის.

კვლევის შედეგების სრული ვერსია განთავსდება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.book.gov.ge.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს საგამომცემლო ბაზარზე 2015 წელს არსებული გამომცემლობებიდან 12% -12% მსხვილი და საშუალო, 77% კი მცირე გამომცემლობაა, 2013-2014 წლებში კი ბაზრის მხოლოდ 9%-9% წარმოადგენდა მსხვილი და საშუალო, 82% კი მცირე გამომცემლობა. მათი ზომა კომპანიის ერთი წლის ბრუნვის (დღგ-ეს გარეშე) და კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობის კომბინაციით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის შესაბამისად დადგინა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემებით, 2015 წელს 4 173, 2014 წ. – 2 964, 2013 წ. კი 3 745 დასახელების წიგნი გამოიცა. საშუალო ტირაჟი თითოეული დასახელებისთვის 2015წ. – 1000, 2014წ. – 575, 2013 წელს 925 ცალი, მაქსიმალური ტირაჟი თითოეული დასახელებისთვის კი 2015 – 7 500, 2014 – 5 239, 2013 – 7 500.

2015 წელს საქართველოში გაიყიდა 2 469 196, 2014წ. – 2 596 431, 2013 წ. კი 2 989 444 წიგნი.

გაყიდული წიგნებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წ - 10 707 203, 2014 წ - 9 361 704, 2013 წელს კი 8 153 245 ლარი შეადგინა. გაყიდული წიგნებიდან 2015 წელს 45% მხატვრული, 20% აკადემიური/პროფესიული, 11% კი საბავშვო ლიტერატურა იყო; 2014წ. – 40% მხატვრული, 21% აკადემიური/პროფესიული, 14% საბავშვო; 2013 წ. - მხატვრული - 35%, 20% აკადემიური/პროფესიული, 14% საბავშვო.

წიგნის საშუალო ფასი 2015 წელს - 11.75 ლარს, 2014 წ. – 11.09 ლ, 2013 წ. კი 10.77 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ელექტრონულ წიგნებს, ბაზარზე დღევანელი მონაცემებით ოპერირებს 2 დიდი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ელექტრონული წიგნების მაღაზია, ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე ახალი ვებ-გვერდი. მათ ვებ-გვერდებზე ატვირთულია დაახლოებით 3 000 ელექტრონული წიგნი, რომელთა მინიმალური ფასი 0.20 ლარი, მაქსიმალური კი 20 ლარია.

ქართული ლიტერატურის და თარგმნილი ლიტერატურის შეძენის პრაქტიკა მკითხველებს შორის მსგავსია - წიგნების მკითხველების თითქმის ნახევარს (48%) ბოლო წლის მანძილზე შეუძენია ამა თუ იმ კატეგორიის ქართული ლიტერატურა, ასევე, ნახევარს (48%) შეუძენია თარგმნილი ლიტერატურა. საინტერესოა, რომ ერთი წლის მანძილზე 6 წიგნზე მეტი თითქმის არავის შეუძენია. ბოლო ერთი წლის მანძილზე შეძენილი მხატვრული ლიტერატურის ჟანრებიდან პოპულარობით რომანი (64%) და მოთხრობა (49%) გამოირჩევა. ასევე, საკმაოდ პოპულარულია ზღაპრები / თქმულებები (36%). ჰაგიოგრაფია (2%), ეპოსი (1%) და ბალადა (1%) კი ყველაზე ნაკლებად შეძენადი ჟანრია.

კვლევამ ცხადჰყო, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალბატონების გაცილებით დიდი ნაწილი კითხულობს წიგნს (ქალები - 58%, მამაკაცები - 38%), ამასთან მამაკაცების თანაბარი ნაწილი კითხულობს მხატვრულ (22%) და არამხატვრულ (22%) ლიტერატურას, მაშინ როცა, ქალები ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას ეცნობიან (მხ. ლიტ - 42,4%, არამხატვრული - 28,3%).

წიგნის მკითხველებში გამოვლინდა მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვის სიხშირე. როგორც კვლევამ აჩვენა, მკითხველების თითქმის ნახევარი საკმაოდ აქტიურად კითხულობს მხატვრული ლიტერატურას (48% კითხულობს კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად). მკითხველების 19% აღნიშნული ტიპის წიგნებს თვეში 1-2 ჯერ კითხულობს, ხოლო 30%-ს კი მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს 3 თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად კითხულობს.

მხატვრული ლიტერატურის მკითხველებში გამოვლინდა წიგნების შერჩევის კრიტერიუმები. როგორც აღმოჩნდა, მკითხველების ნახევარზე მეტი წიგნის შერჩევისას ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციით ხელმძღვანელობს (53%). მკითხველების დიდი ნაწილი წიგნებს ავტორის მიხედვით არჩევს (44%). კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მკითხველების 25%-28% იმ წიგნს არჩევს წასაკითხად, რომლის შესახებაც (წიგნის ან ავტორის შესახებ) სმენია დადებითი შეფასებები. მკითხველების 18% იმ წიგნებს არჩევს წასაკითხად, რომლებიც მიაჩნია, რომ აუცილებლად წასაკითხია.

კვლევის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველების დიდ ნაწილს ყველაზე მეტად მოსწონს სათავგადასავლო (59%), სასიყვარულო (54%), დეტექტიური (48%) და ისტორიული (47%) კატეგორიის ლიტერატურის კითხვა.

კვლევის ფარგლებში წიგნების კატეგორიასთან ერთად ასევე გამოვლინდა ყველაზე მოწონებადი ჟანრები. როგორც აღმოჩნდა, მკითხველებისთვის ყველაზე მეტად მოსაწონია რომანის ჟანრის ნაწარმოებების კითხვა (89%). მკითხველების 58%-ს მოსწონს მოთხრობების კითხვა, ხოლო მესამე ყველაზე მოწონებადი ნოველებია (32%).