სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგა.

ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის 100-მდე უცხოენოვანი თარგმანი და ქართველი გამომცემლების წიგნები. ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ არა ერთი შეხვედრა უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

წიგნის ბაზრობის პარალელურად ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი აღინიშნება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სპეციალური ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის თემასთან დაკავშირებული დისკუსიების ციკლი და ქართული კინემატოგრაფიის რამდენიმე ნიმუშის ჩვენება გაიმართება. ქართული წარმოშობის ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი, აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და ზურაბ ქარუმიძე უცხოელ კოლეგებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს ისტორიისა და კულტურის ყველა მნიშნელოვან ეტაპს გააცნობენ.

შეხვედრები და დისკუსიები ლონდონის ევროპის და აზიის სახლებში გაიმართება. კინოჩვენებებს კი Regent Street Cinema უმასპინძლებს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით დაგეგმილი ლიტერატურული პროექტის Where Europe Meets Asia: Georgia 25 დირექტორია “The Guardian”-ის ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი კულტურის სფეროში მაია ჯაგი. პროგრამის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში, Asia House, Europe House, Life Through Cinema, Regent Street Cinema.