სიახლეები

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, საუკეთესო ბრენდის კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოტიპის შესარჩევად სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპის ფარგლებში შემოვიდა 13 კონკურსანტის 18 პროექტი.

შემოსული განაცხადები განიხილა სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ.

ჟიურის წევრები:
მიხეილ გიორგაძე - (თავმჯდომარე) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
მედეა მეტრეველი - (თავმჯდომარის მოადგილე) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი;
დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი;
შტეფან ვაკვიცი - გოეთეს ინტიტუტის დირექტორი;
ირინა პოპიაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; 
თინათინ მამულაშვილი - სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი;
გვანცა ჯობავა - საქართველოს გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.

2016 წლის 31 მარტს, კონკურსის ჟიურის სხდომაზე, კონკურსის პირობების თანახმად, გამოვლინდა ერთი გამარჯვებული.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, საუკეთესო ბრენდის კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია შპს „კონექტი“-ის პროექტი N2/2, რომელმაც ჟიურის შეფასებით 69.5 ქულა მოიპოვა. იხილეთ შედეგები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს კონკურსში მონაწილეობისთვის და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე მათი კონტრიბუციისთვის.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის, ბრენდის კონცეფცია, სლოგანი, ლოგოტიპისა და ბრენდის სახელმძღვანელოს დასრულებული ვერსია არაუგვიანეს 2016 წლის 30 ივნისისა.