სიახლეები

9 თანამედროვე ქართველი ავტორი, გერმანულენოვანი 4 ახალი გამოცემა, 10-ზე მეტი სხავადასხვა ფორმატის პრეზენტაცია - ქართული ლიტერატურული პროგრამა 2016 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წარმატებით განხორციელდა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა დატვირთული პროგრამით წარსდგა. გერმანელი მკითხველი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემულ 4 ახალ გერმანულენოვან გამოცემას გაეცნო. ოთხი დღის განმავლობაში თანამედროვე ავტორების 10-ზე მეტი სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გერმანულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული 2 რომანისა და პოეზიის 2 კრებულის კითხვა-დისკუსია და პრეზენტაცია როგორც წიგნის ბაზრობის სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე, ასევე ლაიფციგის ცნობილ ლიტერატურულ ცენტრებში „კაფე ტელეგრაფი“, Arts centre naTo e.V., Margareten kantine & salon ჩატარდა.

საკუთარი ნაწარმოებები გერმანელ მკითხველს ლაშა ბუღაძემ, გურამ ოდიშარიამ, აბო იაშაღაშვილმა, ელა გოჩიაშვილმა, ბელა ჩეკურიშვილმა, შალვა ბაკურაძემ, ირმა შიოლაშვილმა და ნიკა ჯორჯანელმა მთარგმნელებთან და გერმანელ გამომცემლებთან ერთად გააცნეს.

წარმატებით ჩატარდა ლაშა ბუღაძის „ლიტერატული ექსპრესის“ (გამომცემლობა Frankfurter Verlagsanstalt) და გურამ ოდიშარიას „დევნილთა უღელტეხილის“ (გამომცემლობა Reichert Verlag) არაერთი კითხვა-დისკუსია. ცენტრის 2016 წლის პირველი უცხოენოვანი გამოცემა ლაშა ბუღაძემ წიგნის მთარგმნელთან, გერმანიაში მცხოვრებ ცნობილ თანამედროვე მწერალთან ნინო ხარატიშვილთან ერთად წარადგინა.

წარმატებული აღმოჩნდა ლიტერატურული პრემიის „საბა“ ლაურეატის აბო იაშაღაშვილის პირველი საერთაშორისო დებიუტი. მან ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ახალ პროექტში „პირველი საერთაშორისო წიგნის პიჩინგი“ რომანი „როიალ მერი“ წარადგინა.

ქართული ლიტერატურული პროგრამა 6 თანამედროვე პოეტის (მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, ელა გოჩიაშვილი, შალვა ბაკურაძე და ბელა ჩეკურიშვილი) ლექსების კრებულის, ე.წ. არტ-ბუქის "Aus der Ferne" (გამომცემლობა Corvinus Presse) და ქართული ლირიკის ანთოლოგიის (გამომცემლობა Pop Verlag) პრეზენტაციებით დასრულდა.

ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 30-ზე მეტი შეხვედრა გამართეს უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია, რომ ქართველი ავტორებითა და მათი ნაწარმოებებით არაერთი გერმანული გამომცემლობა დაინტერესდა და უკვე დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორიო პროექტები.