ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, ცნობილი გერმანული ლიტერატურული სააგენტოს Antas Bindermann Listau GbR წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს ეცნობიან.
ევროპაში ცნობილი ლიტერატურული აგენტები მარია ანტასი და კრისტინე ლისტაუ ქართულ მხარეს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის საინტერესო და ეფექტური ლიტერატურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელებაში დაეხმარებიან.
თბილისში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი სტუმრები შეხვდებიან როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ასევე მწერალთა სახლის, ლიტერატურის მუზეუმის, ლიტერატურის ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელებს, ქართველ გამომცემლებსა და ლიტერატურულ კრიტიკოსებს.
თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განისაზღვროს ლიტერატურის პროგრამისა და ღონისძიებების კონცეფციები და შემუშავდეს სამწლიანი სამოქმედო გეგმა.
აღსანიშნავია, რომ მარია ანტასსა და კრისტინე ლისტაუს დიდი გამოცდილება გააჩნიათ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამის დაგეგმვის კუთხით. სწორედ მათი დაგეგმილია 2014 წელს ფინეთის საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა, რომელიც ლიტერატურულ წრეებში ბოლო წლების ყველაზე ეფექტურ, შთამბეჭდავ და წარმატებულ პროექტად არის მიჩნეული.