სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია ღია და გამჭვირვალე კონკურსის გზით შეირჩეს აღნიშნული პროექტისთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის ის კონცეფცია, ლოგო და სლოგანი, რომლითაც საქართველო 2018 წელს წარსდგება კულტურის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმაზე. სწორედ ამ კონცეფციით უნდა წარსდგეს საქართველო გერმანიაში და გააცნოს საერთაშორისო აუდიტორიას თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა და ამავე დროს თანამედროვე შემოქმედებითი პოტენციალი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში დარეგისტრირებულ ნებისმიერ სარეკლამო, მარკეტინგულ და ბრენდინგ კომპანიასა და საინიციატივო ჯგუფს. საკონკურსო პირობების მიხედვით კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ საპატიო სტუმარი ქვეყნის ბრენდის კონცეფცია, სლოგანი და მათ საფუძველზე შექმნილი ლოგო.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, კონკუსში მონაწილეობის მსურველებმა 9 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საკონკურსო პირობების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.book.gov.ge; მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტებისთვის, საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ამოცანების უკეთ გაცნობის მიზნით, 2016 წლის იანვარში ჩატარდება სპეციალური სემინარი, რომელსაც გაუძღვება გერმანიიდან საგანგებოდ მოწვეული ექსპერტი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი PR-ის და მარკეტინგის მიმართულებით. საკონკურსო პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 11 მარტი.

გამარჯვებულს სპეციალური ჟიური გამოავლენს. შემოსულ განაცხადებს სპეციალური ჟიური განიხილავს.

გამარჯვებული პროექტი 50 000-მდე ლარით დაფინანსდება.

საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე: www.culture.gov.ge; www.book.gov.ge.