სიახლეები

ქართველი, უკრაინელი და სომეხი გამომცემლებისთვის, საავტორო უფლებების მენეჯერებისა და წიგნის დიზაინერებისთვის თბილისში პროფესიული სემინარები ტარდება. რეგიონის საგამომცემლო სფეროს 25 წარმომადგენლისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, კულტურის სამინისტროს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სემინარის მონაწილეები, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, წიგნის სექტორში არსებულ გამოწვევებს, სიახლეებსა და საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნობიან. საგამომცემლო საქმიანობის წარმატებით წარმართვისთვის აქცენტები გაკეთდება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სწორად დაგეგმვასა და განხორციელების დეტალებზე, საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით ახალი გამოცემების პოპულარიზაციის სხვადასხვა საშუალებებსა და რეგიონში ელექტრონული წიგნების მიმართულების განვითარებაზე.

რეგიონის საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით დაგეგმილი სემინარები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. სამდღიან ინტენსიურ კურსს მაღალი კვალიფიკაციის მქონე გერმანელი ექსპერტები და წამყვანი გერმანული საგამომცემლო სახლების მენეჯერები გაუძღვებიან.