სიახლეები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2015 დასრულდა. ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით სხვადასხვა ფორმატისა არაერთი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. უცხოელი გამომცემლების ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით ცენტრის ცენტრის თანამშრომლებმა 100-მდე შეხვედრა გამართეს.

ქართული ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა: ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina თეატრალიზებული კითხვა, ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის „ვინ მოკლა ჩაიკა“ საჯარო კითხვა, ზაზა ბურჭულაძის რომანის „ადიბასი” (გამომცემლობა Aufbau) გერმანულენოვანი თარგმანის საჯარო კითხვა-დისკუსია და პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი უკრაინელი მწერალი იური ანდრუხოვიჩი; გამომცემლობის Pop Verlag მიერ გამოცემული ოთხი წიგნის - ეკატერინე გაბაშვილის და ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების კრებულების, ესმა ონიანის და დათო ბარბაქაძის ლექსების კრებულების - პრეზენტაცია.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაიმართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგების პრეზენტაცია და მიღება, სადაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართველმა გამომცემლებმა სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ასევე გაიმართა გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია.