სიახლეები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდით წარსდგება. ეროვნული სტენდის კონცეფცია და ბაზრობაზე წარსადგენი პროგრამა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველ გამომცემლებთან ერთად შეიმუშავა. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 14-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ პროექტს, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განახლებულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი, მათ შორის უახლესი გამოცემები და ქართველი გამომცემლობების უახლესი წიგნები.

ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია ცენტრის მიერ სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგების პრეზენტაცია და მიღება, სადაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართველი გამომცემლები სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ. ასევე გაიმართება გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ფორმატის არაერთი ლიტერატურული ღონისძიება, მათ შორის, ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina თეატრალიზებული კითხვა; ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის „ვინ მოკლა ჩაიკა“ საჯარო კითხვა; ზაზა ბურჭულაძის რომანის „ადიბასი” (გამომცემლობა Aufbau) გერმანულენოვანი თარგმანის საჯარო კითხვა-დისკუსია და პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი უკრაინელი მწერალი იური ანდრუხოვიჩი; ასევე გაიმართება გამომცემლობის Pop Verlag მიერ გამოცემული ოთხი წიგნის - ეკატერინე გაბაშვილის და ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების კრებულების, ესმა ონიანის და დათო ბარბაქაძის ლექსების კრებულების - პრეზენტაცია.

ქართველი ავტორებისა და, ზოგადად ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ცენტრის თანამშრომლების შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.