სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, და გოეთეს ინსტიტუტთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისს ცნობილი გერმანელი ექსპერტი, მარკეტოლოგი, მარკეტინგისა და საგამომცემლო მომსახურების აღმასრულებელი დირექტორი რონალდ შილდი ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო ქართული საგამომცემლო და, ზოგადად, წიგნის სექტორის წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ახალი გამოწვევების გაცნობა.

გერმანელმა ექსპერტმა ქართველი გამომცემლებისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე - საინფორმაციო ბაზების მნიშვნელობა ბეჭდური და ელექტრონული წიგნების გაყიდვებში. ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა ბაზარზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე, საინფორმაციო ბაზებისა და წიგნების გაყიდვების თანაფარდობაზე. ისაუბრა საინფორმაციო ბაზების ტექნიკურ მხარეებზე, ქართველ გამომცემლებს გაუწია რეკომენდაციები იმ სისტემების შესახებ, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება მონაცემთა ბაზების შეგროვება და გავრცელება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში რონალდ შილდი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს მედეა მეტრეველს, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

რონალდ შილდი 2006 წლიდან დღემდე შპს მარკეტინგისა და საგამომცემლო მომსახურების აღმსასრულებელი დირექტორია, ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა მედია და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, თანამშრომლობდა „ამაზონთან“. გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მას დამთავრებული აქვს ბიზნესის ეკონომიკა.