სიახლეები

პროექტის „XXI საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ კონკურსის „ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნა“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტების ავტორებს კანის ფესტივალის ექსპერტები პროფესიულ სემინარებს ჩაუტარებენ. იზაბელ ფოვიესა და ნიკოს პანაიოტოპულოსის მასტერკლასები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სამდღიანი სპეციალური ინტენსიური კურსი ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის განვითარების თემაზე გაიმართება. პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი ექსპერტები ქართველ ავტორებთან, კინემატოგრაფისტებთან და სცენარისტებისთან როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრების დროს იმუშავებენ.

სემინარებს ხუთი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების ავტორები დაესწრებიან: ეს ნაწარმოებებია: გურამ ოდიშარია - „შავი ზღვის ოკეანე“ და „სათვალიანი ბომბი“ (გამომცემლობა მერანი და ფორმა); ეკატერინე ტოგონიძე - „ასინქრონი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); ზურაბ ქარუმიძე - „მელია ტულეფია“ (გამომცემლობა სიესტა); მარინა ელბაქიძე - „ბაი, ამიგო“ (გამომცემლობა დიოგენე); მიხო მოსულიშვილი - „დიდი ძუ დათვი“ (გამომცემლობა საუნჯე).

პროექტის „XXI საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ საუკეთესო სცენარის მიხედვით გადაღებულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში წარადგენს.