სიახლეები

თორმეტი მთარგმნელი გერმანიაში მხატვრული პროზის ლიტერატურულ მთარგმნელობით სემინარში მიიღებს მონაწილეობას. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ევროპის მთარგმნელთა კოლეგიასთან, გერმანიის მთარგმნელთა ფონდთან, რობერტ ბოშის ფონდთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხელოვნების ფონდ NRW-სა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით სემინარები გერმანიის ქალაქ შტრალენში 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, ინტენსიური კურსი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. ხუთდღიან სემინარებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მთარგმნელები როზმარი თითცე, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (ქართულიდან გერმანულად) და ალექსანდრე კარტოზია (გერმანულიდან ქართულად) გაუძღვებიან. სემინარების განმავლობაში მონაწილეები ხელმძღვანელებთან ერთად ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების დროს იმსჯელებენ ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნის თავისებურებებზე და განიხილავენ მხატვრული თარგმანის სპეციფიკასა და სირთულეებს.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გერმანულ-ქართულ და ქართულ-გერმანულ ენებზე გარკვეული გამოცდილების მქონე მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებს.

გერმანიაში მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები სრულად დაიფარება პროექტის ორგანიზატორების მხრიდან.