სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით თბილისში ვიზიტით მყოფი წამყვანი ევროპული ბეჭდური მედიის ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung წარმომადგენლების ქართველ მწერლებთან, ჟურნალისტებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან და ბლოგერებთან შეხვედრას თიბისი გალერეამ უმასპინძლა. შეხვედრას რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი და ბლოგერი ნიკო ნერგაძე გაუძღვა.

შეხვედრა თემაზე „ქართული ლიტერატურა და ევროპა“ დისკუსიის ფორმატში გაიმართა.

ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი, ასევე თანამედროვე კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მწერალთა სახლი, ლიტერატურის მუზეუმი, წინანდლის სახლ-მუზეუმი, სუხიშვილები, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თიბისი ბანკი.