წამყვანი ბრიტანული და გერმანული ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით ესტუმრნენ.
ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი, ასევე თანამედროვე კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას.
ხუთდღიანი სპეციალური კულტურული პროგრამის ფარგლებში უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, კრიტიკოსებსა და ქართველ კოლეგებს შეხვდებიან; მოინახულებენ სახელოვნებო და სამეცნიერო ცენტრებსა და მუზეუმებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს, მათ შორის ეროვნულ მუზეუმის ოქროს ფონდს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებს, ეროვნულ გალერეას, მწერალთა სახლს, ლიტერატურის მუზეუმსა და სხვა.
სტუმრები ასევე გაემგზავრებიან კახეთსა და ყაზბეგში, სადაც დაათვალიერებენ წინანდალს, სიღნაღს, გერგეტის სამების ტაძარსა და დარიალის ხეობას.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მწერალთა სახლი, ლიტერატურის მუზეუმი, წინანდლის სახლ-მუზეუმი, სუხიშვილები, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თიბისი ბანკი.