2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამას სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტი შეიმუშავებს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს აღნიშნული კომიტეტის პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობასა და პროექტის განხორციელებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. კომიტეტის მუშაობაში კულტურის სამინისტროს გარდა აქტიურად იქნებიან ჩართული საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, რომლებიც კომიტეტში შესაბამისი მინისტრების მოადგილეებით იქნებიან წარმოდგენილი. ისინი პროგრამის დაგეგმარებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული რიგი ტექნიკური, საორგანიზაციო და უწყებათაშორისი საკითხების გადაჭრას უზრუნველყოფენ.
კომიტეტის მუშაობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მრჩეველთა 12 წევრიან საბჭოს, რომელიც ძირითადად სახელოვნებო და სამეცნიერო ორგანიზაციების ხელმძღვანელებითა და სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ნინო ხარატიშვილი (მწერალი), დავით ლორთქიფანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ლაშა ბაქრაძე (სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი), ლევან გიგინეიშვილი (სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ირინა პოპიაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა), რეზო კიკნაძე (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია), გიგა ზედანია (სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), მამუკა ხაზარაძე (სს „თიბისი ბანკი“), დავით დოიაშვილი (სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი), ოთარ ყარალაშვილი (წიგნის ხელოვნების ცენტრი), გიორგი კეკელიძე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) და შტეფან ვაკვიცი (გოეთეს ინსტიტუტი) პროგრამის კონცეფციასა და დაგეგმარებაზე იმუშავებენ.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი უხელმძღვანელებს. კულტურის სამინისტროსთან და მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაკომპლექტდება სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ მხარეს და ხელმძღვანელობას გაუწევს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის დაგეგმარებას და განხორციელებას.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამით საქართველო ინდონეზიის, ნიდერლანდისა და საფრანგეთის შემდეგ წარსდგება.