ქართული საბავშვო ლიტერატურა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს პირველად საქართველოს ეროვნულ სტენდზე იქნება წარმოდგენილი. საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით 2015 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ღონისძიებებზე, სიახლეებსა და წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მედეა მეტრეველმა, დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქართული საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის მიმართულებით და 2015 წლიდან ბოლონიის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული სტენდის ფარგლებში ქართული საბავშვო ლიტერატურის უცხოეთში წარდგენის ეს პირველი პრეცედენტია. სტენდზე საბავშვო წიგნზე ორიენტირებული 6 ქართველი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. სტენდის კონცეფცია ქართველ გამომცემლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და დაიხვეწა. კონცეფციისთვის გამოყენებულ იქნა საგანგებოდ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვის შექმნილი საავტორო ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ილუსტრატორს, ანა ჩუბინიძეს ეკუთვნის.
ბოლონიაში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართული არიან აიპ „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც შეხვდებიან საბავშვო წიგნის კრიტიკოსებს, ილუსტრატორებს და გამომცემლებს, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თხოვნით წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ეროვნულ სტენდზე მოეწყობა 20-მდე ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრების გამოფენა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს უცხოეთში ქართველი ავტორების ცნობადობის ამაღლებას, საავტორო უფლებების გაყიდვას და ქართული ლიტერატურის უცხოელ მკითხველთან მიტანას. ბოლონიის გარდა საქართველოს ეროვნული სტენდი 2015 წლის გაზაფხულზე ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ლაიფციგის და ლონდონის წიგნის ბაზრობებზეც. განახლებულ ეროვნულ სტენდებზე გამოიფინება ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი გამოცემები. 12 მარტს ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია გერმანული გამომცემლობა „რაიჰარტის“ მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ - სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია.
ქართული წიგნის სექტორის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები საერთაშორისო ბაზრობების წარმომადგენლებთან, უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურულ აგენტებთან, მთარგმნელებთან.