სიახლეები

ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურულ და საგამომცემლო რუკაზე 250-მდე ქართველი ავტორის 30 სხვადასხვა ენაზე თარგმნილი 300 გამოცემით ინიშნება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა ლიტერატურულ საზოგადოებას ცენტრის 5 წლის ანგარიში წარუდგინა და 2014-2018 წლებში ცენტრის საქმიანობა შეაფასა. პრეზენტაციას მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები, ლიტერატურის კრიტიკოსები და ცენტრის პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მედეა მეტრეველმა დეტალურად ისაუბრა ქართული ლიტერატურისა და მწერლების მიმართ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებაზე, ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის, საზღვარგარეთ გამოცემის პროცესსა და ამ პროცესში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გამომცემლების აქტიურ მონაწილეობაზე და მსოფლიო ბესტსელერი ავტორების საქართველოთი დაინტერესებისა და მათი ვიზიტების ტენდენციებზე. მისი თქმით, ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად, 155 უცხოელ გამომცემელთან თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა არა მარტო თანამედროვე, არამედ ძველი ქართული ლიტერატურა, მათ შორის ჰაგიოგრაფია, კლასიკა და თანამედროვე კლასიკა. 300 უცხოური გამოცემა ქართულ პროზას, პოეზიას დოკუმენტალისტიკას, ილუსტრირებულ წიგნებს, Art Book-ებს, საბავშვო/საყმაწვილო და სახელოვნებო ლიტერატურას აერთიენებს. 250-მდე ქართველი ავტორის შემოქმედების წაკითხვა კი უკვე 30 ენაზეა შესაძლებელი.

მედეა მეტრეველმა ხაზგასმით ისაუბრა, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში განხორციელებული ლიტერატურული პროგრამისა და ქართული ლიტერატურისა და ქართველი ავტორების წარმატებული წარდგენის შესახებ. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს 90-მდე თანამედროვე ქართველი მწერლის 600-მდე ლიტერატურულ ღონისძიებას 50 გერმანულენოვანმა ქალაქმა და 20 ლიტერატურულმა ფესტივალმა უმასპინძლა. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ საგაზეთო და ონლაინ გამოცემებში გამოქვეყნდა 7 285 გამოხმაურება, რომელსაც 1 526 562 017 საერთაშორისო წვდომა ჰქონდა. აღნიშნული სტატიებიდან და გამოხმაურებებიდან არც ერთი მათგანი არ არის სარეკლამო და არ მომზადებულა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით. თუმცა თითოეული გამოცემის განფასების შედეგად გაკეთებული ანალიზის მიხედვით, გამოხმაურებების საერთო ღირებულება 32 472 210 ევროა.

ფრანკფურტის პროექტის პარალელურად, ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, 40 ქართველი ავტორის 170-მდე ღონისძიება გაიმართა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ნორვეგიაში, სლოვაკეთში, უკრაინასა და ჩინეთში. 70 მთარგმენლისთვის და 70 გამომცემლისთვის განხორციელდა 20-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის პროფესიული პროგრამა როგორც თბილისში, ასევე პარიზში, მიუნხენში, პეკინში, კიევში, ლვოვში, ფრანკფურტში, შტრალენსა და ლორენში. ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში თბილისს სტუმრობდა 70-ზე მეტი უცხოელი გამომცემელი.

5 წლის ანგარიში