სიახლეები

წიგნის აკადემიის საგაზაფხულო სერიის პირველი 20 მონაწილე უკვე შეირჩა!

ხვალ მათი პირველი შეხვედრა თანამედროვე მწერალთა და კრიტიკოსთან დავით გაბუნიასთან შედგება, სადაც სტუდენტები პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს გაეცნობიან და კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში სემინარს დაესწრებიან.

კონრად ადენაუერის ფონდისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „წიგნის აკადემია“ ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში სტუდენტები თანამედროვე მწერლებთან, ლაშა ბუღაძესთან, გურამ ოდიშარიასთან და ეკატერინე ტოგონიძესთან, ერთად იმუშავებენ და ცენზურის, ოკუპაციისა და ძალადობის შესახებ ისაუბრებენ.

ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რასაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ. პროექტის რჩეული 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრება, ყველა მონაწილეს კი მარიო ვარგას ლიოსას ღონისძიებეზე დასასწრები სპეციალური მოსაწვევი გადაეცემა.


პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში თანამედროვე მწერლების ცნობადობის ამაღლება, და თანამედროვე ლიტერატურული პროცესების მიმართ ინტერესის ზრდა. სტუდენტებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება და წერის კულტურის ამაღლება. თანამედროვე ქართული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია.

პროექტი „კონრად ადენაუერის ფონდისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით“, თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.