სტუდენტებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და წერის კულტურის ამაღლების მიზნით, კონრად ადენაუერის ფონდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს „წიგნის აკადემია“ იწყებს. ახალი პროგრამის ფარგლებში, მწერალი და კრიტიკოსი დავით გაბუნია სტუდენტებს პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს წარუდგენს და კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში სემინარს ჩაუტარებს; მწერლები - ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე და გურამ ოდიშარია კი საკუთარ შემოქმედებას განიხილავენ და ცენზურის, ოკუპაციისა და ძალადობის შესახებ ისაუბრებენ.
სამი თვის განმავლობაში, პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რასაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ.
პროექტის ბოლოს, თითოეული ავტორი გამოავლენს მისთვის საუკეთესო ნაშრომის ავტორს.
პროექტის მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩევიან. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამის I-IV კურსელ სტუდენტს, რომელიც 1 – 22 მარტის ჩათვლით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@book.gov.ge გააგზავნის ესსეს თემაზე - „ცენზურა ლიტერატურაში“და შევსებულ სააპლიკაციო ფორმას. ნაშრომების გადარჩევა ორ ეტაპად მოხდება, პირველ ეტაპზე შეირჩევა 30 ესსე, რომელთანაგან 20 საუკეთესოს მენტორი გამოავლენს.
„წიგნის აკადემია“ 30 მარტს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. პროექტი ფარგლებში დაგეგმილი შვიდივე შეხვედრა ვაკის მედიათეკაში გაიმართება. კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ავტორები გამოავლენენ მათ რჩეულ ესსებს და მათ ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კურსის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.
პროექტის რჩეული გაემგზავრება 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ყველა მონაწილეს გადაეცემა მარიო ვარგას ლიოსას ღონისძიებეზე დასასწრები მოსაწვევი.
პროექტი „კონრად ადენაუერის ფონდისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით“, თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროგრამა და პირობებისააპლიკაციო ფორმა