სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიცირებული, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის - Guests of Honour Get Together ფარგლებში, თბილისს მიშელ უელბეკი ეწვევა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფრანგი მწერალი, საქართველოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ფრანგ გამომცემელთან ერთად 23-26 ივნისს ესტუმრება. სამი დღის განმავლობაში მიშელ უელბეკს მასპინძლობას თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.

ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობენ. რუსთაველის თეატრში გაიმართება შეხვედრა ქართველ მკითხველთან, რომელსაც მოდერაციას უელბეკის ქართული გამომცემლობის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი გაუწევს. ფრანგი სტუმარი დაათვალიერებს თბილისსა და ესტუმრება ყაზბეგს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტი - Guests of Honour Get Together ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აღნიშნული პროექტის ტრადიციად ქცევას აპირებს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიურ ხასიათს მიაღებინებს. პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო 2017 და 2019 წლების საპატიო სტუმარი ქვეყნების - საფრანგეთისა და ნორვეგიის - მწერლებს მასპინძლობს.

პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სასტუმრო Rooms Hotels და რუსთაველის თეატრის პარტნიორობით ხორციელდება.

მედიის საყურადღებოდ:
მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს 03:50 საათზე ესტუმრება (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი), პრესკონფერენცია 23 ივნისს 12 საათზე სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi, შეხვედრა Rooms Hotels Tbilisi-ში 25 ივნისს 18 საათზე, ხოლო რუსთაველის თეატრში 20 საათზე გაიმართება.
ჟურნალისტებმა ღონისძიებებზე დასასწრებად უნდა წარმოადგინონ მედია ბარათი.