სიახლეები
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო 2017 და 2019 წლების საპატიო სტუმარი ქვეყნების - საფრანგეთისა და ნორვეგიის - მწერლებს უმასპინძლებს. პროექტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და NORLA ნორვეგიული ლიტერატურა საზღვარგარეთ მხარდაჭერით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აღნიშნული პროექტის ტრადიციად ქცევას აპირებს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიურ ხასიათს მიაღებინებს. პროექტის დეტალების შესახებ სასტუმროში ROOMS HOTELS Tbilisi (საპრესკონფერენციო დარბაზი - Central Room) გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა თინა მამულაშვილმა ისაუბრეს.
ცენტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის მწერლების შეხვედრა საქართველოში მაისსა და ივნისში გაიმართება. ნორვეგიელ მწერალს ერლენდ ლუს (მაისი) და ფრანგ, მიშელ უელბეკს (ივნისი) მასპინძლობას თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს. 25 ივნისს დაგეგმილია მიშელ უელბეკის შეხვედრა მკითხველთან, რომელზე დასწრებაც მსურველებს სპეციალური აპლიკაციის „Whats Going On“ საშუალებით შეეძლებათ. აპლიკაციაში დარეგისტრიებისთანავე მომხმარებელი შეხვედრის მოსაწვევს ელექტრონულ ფოსტის საშუალებით მიიღებს. რუსთაველის თეატრში დაგეგმილი მკითხველის შეხვედრა უელბეკთან იქნება პირველი ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც აპლიკაციაში სხვადასხვა ტიპის ივენთებთან ერთდ ჩაეშვება.
სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ხორციელდება და სპეციალურად ორივე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჩამოდის.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი ინიციატივებითა და პროექტებით ხელი შეუწყოს ერთი მხრივ, მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ქართული ლიტერატურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდას და მეორე მხრივ, ქართული, ფრანგული და ნორვეგიული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
ნორვეგიელი და ფრანგი მწერლები საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მათი ქართული გამომცემლობის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ესტუმრებიან. პროექტის სპონსორები და პარტნიორები არიან სასტუმრო Rooms Hotels და რუსთაველის თეატრი.
ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზიაში „სანტა ესპერანსა“ (სანკტ პეტერბურგის N12). 31 მაისს კი გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა მიიღებს.
ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია, მას და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მისი ორი რომანი - „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“ აქვს გამოცემული. ამ უკანასკნელმა მწერალს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. წიგნები ქართულ ენაზე ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა.
მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი ის არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველთან და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მწერალია, მისი უკლებლივ ყველა რომანი თარგმნილი და გამოცემულია ქართულ ენაზე.