ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლობის ფარგლებში, ბერლინალეს კინოფესტივალის Co-Production Market-ის სექცია Books at Berlinale-სთვის ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად შეირჩა.
19 თებერვალს ბერლინში დაგეგმილ ფიჩინგზე მსოფლიო კინო ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი "სხვა ამსტერდამი" წარსდგება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორმატში აპლიკაციები ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან იგზავნება, სპეციალური ჟიური კი მხოლოდ 12 საუკეთესოს არჩევს. გასული წლის ფიჩინგზე კინოადაპტაციების შესაქმნელად წიგნები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ფინეთიდან, ბელგიიდან და ბრაზილიდან შეირჩა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ულოცავს თანამედროვე ქართველ მწერალს დათო ტურაშვილს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას და უსურვებს მსოფლიო კინო ინდუსტრიის მხრიდან დადებით შეფასებებს.