2017 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და მასში ფრანგი და ქართველი ავტორები, პენელოპ ბოჟი და დავით გაბუნია, საქართველოსა და საფრანგეთის საპატიო სტუმრის პროექტების ხელმძღვანელები, მედეა მეტრეველი და პოლ დე სინეტი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი, იურგენ ბოსი მონაწილეობდნენ. ღონისძიების ბოლოს საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელს მედეა მეტრეველს საპატიო სტუმარი ქვეყნის გრაგნილი გადასცეს, რომელზეც შოთა რუსთაველის ციტატაა დატანილი.
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვითების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
ცერემონიალი ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულ მუსიკალური პერფორმანსით და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ანიმაციური ვიდეო რგოლის ჩვენებით დასრულდა.
2018 წლის დასაწყისიდან ოფიციალურად დაიწყება საპატიო სტუმრის სტატუსით ქართული ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა გერმანულენოვან ევროპაში.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ 2010 წლიდან, ოფიციალური სამზადისი კი 2014 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო.
2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამის მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კონრად ადენაუერის ფონდი, კომპანია Weinland Georgien, ღვინო „ბუნებური“.