სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველი ილუსტრატორებისა და არტ ბუქების ავტორებისთვის მასტერკლასებს მართავენ. ვორქშოპი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო პროგრამის დაგეგმვის მიზნით ხორციელდება.

გერმანული ორგანიზაციის ‘KulturKind e. V’ მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ვორქშოპში 13 ქართველი დამწყები და უკვე წარმატებული ილუსტრატორი მონაწილეობს. ყველა მათგანი გერმანულმა მხარემ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით კონკურსის გზით, მათი პორტფოლიოების გათვალისწინებით შეარჩია. მასტერკლასებს ‘KulturKind e. V’-ის ხელმძღვანელი, ცნობილი გერმანელი ექსპერტი ულრიკე ნიკელი ილუსტრატორ კირსტენ ჰინკლერთან ერთად ხელმძღვანელობს. საბავშვო ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების თემაზე ვორქშოპი სახელწოდებით „ჩემი წარმოდგენა საქართველოზე“ 12-14 სექტემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება.

გერმანელი ექსპერტები ქართველ ილუსტრატორებთან და წიგნის ხელოვნებით დაინტერესებულ პირებთან სამდღიანი სპეციალური პროგრამის მიხედვით იმუშევებენ. კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ვირქშოპის მონაწილეები შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს და წარადგენენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციებს.

აღნიშნული მასტერკლასები ხელს შეუწყობს მომავალ წელს, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართული წიგნის ხელოვნებისა და საბავშვო ილუსტრაციების პროგრამის დაგეგმვას.

გერმანული ორგანიზაციას ‘KulturKind e. V’ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, განხორციელებული აქვს არა ერთი საერთაშორისო პროექტი, მათ შორის სკანდინავიური საბავშვო ილუსტრაციის მოგზაური გამოფენა „Into the Wind!“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბავშვო ლიტერატურის ფესტივალი "viva literatura!", საზაფხულო ხელოვნების აკადემია მოზარდებისთვის "KinderKunstAkademie" და სხვა.