სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თბილისს ევროპელი გამომცემლები სტუმრობენ. გერმანელი, შვეიცარიელი და იტალიელი გამომცემლები ცენტრის ორგანიზებულ რიგით მეშვიდე ლიტერატურულ ფორულ-დიალოგს დაესწრებიან და ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.

ერთი კვირის განმავლობაში 15 მსხვილი და მნიშვნელოვანი უცხოური გამომცემლობის წარმომადგენელი ქართველ კოლეგებთან, მთარგმნელებთან, კრიტიკოსებთან და ლიტერატურის აგენტებთან ერთად ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნის პროცესზე, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე იმსჯელებენ. ლიტერატურულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი გერმანელი ესეისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და გავლენიანი გერმანული გამოცემების Die Ziet და Der Tagesspiegel-ის კულტურის ჟურნალისტი გრეგორ დოთცაუერი.

ევროპელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრებზე სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პერსპექტივებსა და კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების საავტორო უფლებების გაყიდვის საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე სამუშაო სესიების, პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფორმატში შეხვდებიან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, თანამედროვე ქართველ ავტორებს, თბილისში გოეთეს ინსტიტუტის და სხვადასხვა კულტურულ-ლიტერატურული ინსტიტუციის წარმომადგენელებს. ადგილზე გაეცნობიან ქართული ლიტერატურის ისტორიას, განვითარებასა და მიმდინარე პროცესებს, ქართული საგამომცემლო სექტორის მუშაობას. მოინახულებენ სახელოვნებო და სამეცნიერო ცენტრებსა და მუზეუმებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს, მათ შორის, ეროვნულ მუზეუმის ოქროს ფონდს, ეროვნულ გალერეას, ლიტერატურის მუზეუმსა და კავკასიურ სახლს და სხვა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების რაოდენობრივ ზრდას და ქართველი ავტორების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას; ქართულ საგამომცემლო სფეროში სხვადასხვა პროფესიის განვითარებას; ქართველი გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, მთარგმნელებისა და კრიტიკოსების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და უცხოელ კოლეგებთან საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

ევროპელი გამომცემლების ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, კავკასიური სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.