2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში თბილისს ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი სიმონე ბიულერი ესტუმრნენ.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შეხვდება. მხარეები 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ.
ასევე დაგეგმილია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტისა და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის მენეჯერებთან. შეხვედრებზე ქართული ლიტერატურული და კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების დეტალებს განიხილავენ. ასევე საუბარი შეეხება 2017 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ოფიციალური ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს. საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსს საქართველოს საფრანგეთი გადასცემს.
ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული.