სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, დღეისათვის ყველაზე პოპულარული, ქართული წარმოშობის რუსი მწერლის ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) ქართველ მკითხველთან პირველი შეხვედრა გაიმართა. 

გრიგოლ ჩხარტიშვილი, ცნობილი რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ბორის აკუნინის ფესდონიმითაა ცნობილი. ის 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, 2013-იდან დღემდე).

პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ ჩხარტიშვილს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

შეხვედრის მოდერატორი ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი, მაია ჯაგი იყო. მას განათლება მიღებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, არის მრავალი ჯილდოს მფლობელი. მაია ჯაგის ავტორობით, სტატიები ქვეყნდება Financial Times -ში და the Guardian-ში. მას აქვს ინტერვიუ აღებული ლიტერატურის სფეროს 12 ნობელიანტისგან და არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის (მაგ.:Dublin Impac Prize, Man Asian Literary Prize in Hong Kong) ჟიურის წევრი/თავმჯდომარე.