7 სექტემბერს, ქ. ქუთაისში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში და 8 სექტემბერს, ქ. ბათუმში, მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციები გაიმართება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან გვანცა ჯობავასთან ერთად ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგებს ქუთაისისა და ბათუმის ლიტერატურულ საზოგადოებას, კულტურის სამსახურების, მწერალთა კავშირების, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და გამომცემლებს გააცნობს.
კვლევა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანიზაციამ „ეისითი“ ჩაატარა. ეს პირველი სრულფასოვანი კვლევაა 2012 წლის შემდეგ. 2013-2015 წლებში წიგნის სექტორში არსებული ვითარების სრული შესწავლის მიზნით გამოკითხულ იქნა როგორც გამომცემლობები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები, ასევე ელექტრონული წიგნების მაღაზიები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები და მკითხველი. მასში მონაწილეობა მიიღო 34 გამომცემელმა, 700 მკითხველმა. კვლევის არეალი მოიცავდა ქვეყნის დიდ ქალაქებს - თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და თელავს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გამოკითხული ქალაქების შესაბამისი ფოკუს ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, ქართული წიგნის ბაზარზე არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, კვლევის შედეგების პრეზენტაცია კვლევაში მონაწილე ყველა ქალაქში გაიმართება. აღნიშნული პრეზენტაციები იქნება საუკეთესო საშუალება ცენტრის საქმიანობის შესახებ რეგიონების წიგნის სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებისა და ცენტრის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში მათი ჩართვისთვის.
კვლევის მიზანია წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღებით წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება, სუსტი მხარეების გამოვლენა და არსებული პრობლემების დადგენა, ანალიზის საფუძველზე კი კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარებისა და მკითხველთა ბაზის გაფართოების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისათვის.
საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის შეხვედრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ქუთაისისა და ბათუმის კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან.