რიგით მეხუთე ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 11 მაისს გაიხსნება 07/05/2015

11 მაისს, 10 საათზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით რიგით მეხუთე ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი გახსნიან. 

ოთხი დღის განმავლობაში 18-მდე უცხოელი გამომცემელი, საავტორო უფლებების მენეჯერი და რედაქტორი და ჟურნალისტი ქართველ კოლეგებთან, მთარგმნელებთან, კრიტიკოსებთან და ლიტერატურის აგენტებთან ერთად ქართული ლიტერატურის თარგმანების საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე იმსჯელებენ.   

ფორუმის სპეციალური სტუმარია ბერლინის ლიტერატურული ფესტივალის დირექტორი ულრიხ შრაიბერი.

გერმანელი და ბრიტანელი სტუმრები სამუშაო სესიების, პრეზენტაციებისა და დისკუსიები ფორმატში ადგილზე გაეცნობიან ქართული საგამომცემლო სექტორის მუშაობას და შეხვდებიან ქართველ მწერლებს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას; ქართულ საგამომცემლო სფეროში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის განვითარებას; ქართველი გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, მთარგმნელებისა და კრიტიკოსების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და უცხოელ კოლეგებთან საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

სპეციალური კულტურული პროგრამის ფარგლებში, სტუმრები მოინახულებენ სახელოვნებო და სამეცნიერო ცენტრებსა და მუზეუმებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს, მათ შორის ეროვნულ მუზეუმის ოქროს ფონდს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებს, ეროვნულ გალერეას, მწერალთა სახლს, ლიტერატურის მუზეუმსა და სხვა; ასევე გაემგზავრებიან კახეთსა და ყაზბეგში, სადაც დაათვალიერებენ წინანდალს, სიღნაღს, გერგეტის სამების ტაძარსა და დარიალის ხეობას.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მწერალთა სახლი, ლიტერატურის მუზეუმი, წინანდლის სახლ-მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თიბისი ბანკი.

.