ქართული ლიტერატურა

ქართული ლიტერატურა ძველია, მისი სათავეების თარიღი შთამბეჭდავი: V საუკუნის აგიოგრაფიული თხზულება "შუშანიკის წამება" ჩვენამდე XI საუკუნის ხელნაწერითაა მოღწეული, თუმცა ქმრის მიერ რწმენისათვის წამებული დედოფლის და მისი ოჯახის ისტორია იმგვარი გამოცდილებითა და გემოვნებითაა მოთხრობილი, რომ მიჩნეულია, პირველ ქართველ მწერალს, იაკობ ხუცესს ,ნამდვილად ჰყავდა წინამორბედები.

ადრიანი შუა საუკუნეების შთამბეჭდავ აგიოგრაფიულ თხზულებებს, ჩამოქნილი ფორმის ისტორიულ ქრონიკებსა და საგალობელთა და მისტიურ ლექსთა შენობას თავს ადგას "ვეფხისტყაოსანი", XII საუკუნის საერო ლიტერატურის გვირგვინი, პოემა, რომელმაც ქართულ ყოფიერებასა და კულტურაში უდიდესი ადგილი დაიკავა და საუკუნეებით განსაზღვრა თითქოს მარადიულ ომებში ჩაფლული, ხან დაქუცმაცებული და ხან ისევ გაერთიანებული საქართველოს ლიტერატურული გემოვნება და იდეალებიც კი. გენიალური ლექსით დაწერილი პოემის პოეტური ფორმა და ევროპული რაინდობისა და აღმოსავლური ყოფის უცნაური ნაზავი იმასაც კი იწვევდა, რომ შუა საუკუნეების პოეტები არათუ რუსთაველის წაბაძვით ქმნიდნენ, არამედ პირდაპირ მის ტექსტშიც წერდნენ თავიანთ სტრიქონებს.

შუა საუკუნეების საქართველოს, მისთვის ტრაგიკულ ეპოქაში, ჰყავდა მეფე პოეტები და პოეტი მემატიანეები, რომლებიც რუსთაველის ფორმას ერთგულობდნენ. საერთოდ კი საქართველო ყოველთვის პოეზიის ქვეყანა უფრო იყო, ვიდრე პროზისა: ამას მისი ხალხური პოეზიის მრავალფეროვნება და სიმდიდრეც ადასტურებს. ხალხური პოეზიისგან მოშორებით, აღმოსავლური პოეზიის ხერხებსა და სიტკბოებას შორის გახლართულ მრავალ ავტორთაგან, უდავოდ, გამორჩეული იყო ბესიკ გაბაშვილი, XVIII საუკუნის პოეტი და საოცარი ბიოგრაფიის ადამიანი. ბესიკის ეპოქა იყო დრო, როცა საქართველოში ლამის ყველაფერი ლექსად იწერებოდა: ლექსი ეწერა ყველგან და ყველაფერზე და ზოგჯერ სახელმწოფო ქაღალდებშიც კი შეიპარებოდა ხოლმე.

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია აღმოსავლეთის დიდ იმპერიებთან ბრძოლა, მათდამი მორჩილება და მათგან თავის დაძვრენა იყო. გასაკვირი არაა, რომ ქართულმა ლიტერატურამ ბევრი რამ მიიღო აღმოსავლეთისგან, განსაკუთრებით სპარსეთისაგან. მცდელობათა მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში ევროპისგან იგნორირებული საქართველო IXX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიის შემდგენლობაში აღმოჩნდა, რამაც ახალი ტალღა მოიტანა ლიტერატურაში. უდიდესი რომანტიკოსი პოეტი საქართველოდან იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, თავადი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისმა პოეზიამ ათწლეულების შემდეგ მიაღწია ფართო მკითხველამდე.

შემდეგ საქართველოში მოვიდა ახალი პროზა, რომელიც გარდამტეხი გამოდგა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ასპექტში. დანიელ ჭონქაძის და ლავრენტი არდაზიანის რომანები სწორედ ახალი ლიტერატურის მესაძირკვლენი იყვნენ. ილია ჭავჭავაძის ყოვლისმომცველმა საქმიანობამ და აკაკი წერეთლის პოეზიამ კი არა მხოლოდ ახალ ქართულ ენას, არამედ ახალ ქართულ ლიტერატურას ჩაუყარა საფუძველი. მათმა შემოქმედებამ კარგა ხნით განსაზღვრა ქართული ლიტერატურის მიმართულებები. ამავე დროს გამოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიკალური ფიგურაც. მთებში მცხოვრებმა მწერალმა უკიდეგანო და ღრმა სამყარო შექმნა. ეს სამყარო არაფერს ჰგავდა და ახლო იყო სრულყოფილებასთან.

XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ერთის მხრივ, მრავლაფეროვანი და საინტერესო იყო, მეორეს მხრივ კი, საბჭოთა ეპოქაში იქმნებოდა. სტალინიზმს შეწირულ ქართველ შემოქმედთა შორის იყო დიდი რომანისტი მიხეილ ჯავახიშვილი, პოპულარული პოეტები ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი, რომლებიც დიდად განსაზღვრავდენ იმ დროის ლიტერატურულ გემოვნებას. საბჭოთა ეპოქაში მოღვაწობდა XX საუკუნის საქართველოს უდიდესი პოეტი - გალკტიონ ტაბიძე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ხრუშჩოვისეულმა ხანმოკლე დათბობამ ლიტერატურაში ახალი თაობა მოიყვანა, რომლის უაღრესად გამორჩეული წარმომადგენელი პოეტი და რომანისტი - ოთარ ჭილაძე იყო. გურამ რჩეულიშვილისა და ვოვა სიხარულიძის მოთხრობებს და ცხოვრების სტილს კი არაფერი ჰქონდათ საერთო საბჭოთა სისტემასთან ისევე, როგორც გურამ დოჩანაშვილის დახვეწილ გროტესკულ სამყაროს. უძრაობის პერიოდის ერთ-ერთი პოპულარული წიგნი ჭაბუა ამირეჯიბის რომანი - "დათა თუთაშხია" აღმოჩნდა.

წყარო: www.culture.gov.ge