ევროპელი გამომცემლები საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს ეცნობიან. გერმანელი, ბრიტანელი, ავსტრიელი, ფინელი და შვეიცარიელი გამომცემლები თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობენ და ცენტრის ორგანიზებულ რიგით მეექვსე ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგში მონაწილეობენ.
ოთხი დღის განმავლობაში 12 უცხოელი გამომცემელი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ქართველ კოლეგებთან, მთარგმნელებთან და ლიტერატურის კრიტიკოსებთან ერთად ქართული ლიტერატურის თარგმანების საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე იმსჯელებენ.
სტუმრები პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფორმატში ადგილზე გაეცნობიან ქართული საგამომცემლო სექტორის მუშაობას და შეხვდებიან თანამედროვე ქართველ მწერლებს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას; ქართულ საგამომცემლო სფეროში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის განვითარებას; ქართველი გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, მთარგმნელებისა და კრიტიკოსების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და უცხოელ კოლეგებთან საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ევროპელი გამომცემლები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კავკასიურ სახლში; მოინახულებენ სახელოვნებო და სამეცნიერო ცენტრებსა და მუზეუმებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს, მათ შორის ეროვნულ მუზეუმს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებს, მწერალთა სახლს, ლიტერატურის მუზეუმსა და სხვა.
სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს მცხეთა, ასევე გაეცნობიან თბილისის ისტორიასა და არქიტექტურას.
უცხოელი გამომცემლების ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი, მწერალთა სახლი, ხელნაწერთა ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და კავკასიური სახლი.