სიახლეები

წამყვანი გერმანული ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან. უმსხვილესი გამოცემების Frankfurter Allgemeine Zeitung, Die Zeit, Berliner Zeitung, Frankfurter Rundschau, Weltn24.de ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობენ.

ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი, ასევე თანამედროვე კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას.

სპეციალური პროგრამის ფარგლებში უცხოელი ჟურნალისტები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, ილუსტრატორებსა და კრიტიკოსებს შეხვდებიან; მოინახულებენ სახელოვნებო და სამეცნიერო ცენტრებსა და მუზეუმებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს, მათ შორის ეროვნულ მუზეუმს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრს, მწერალთა სახლსა და სხვა.

სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს მცხეთა, ასევე გაეცნობიან თბილისის ისტორიასა და არქიტექტურას.

ვიზიტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.