სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე წიგნის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა.

ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა ქართველ მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს ცენტრის დაარსებიდან ორი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ცენტრის პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მედეა მეტრეველმა საზღვარგარეთ ქართველი მწერლების მიმართ ცნობადობის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული ლიტერატურის ახალი ხარისხიანი თარგმანების შექმნის აუცილებლობას.

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში ცენტრმა 250-ზე მეტი ლოკალური და საერთაშორისო პროექტი განახორციელა, მათ შორის; უცხო ენებზე ითარგმნა თანამედროვე და კლასიკოსი ქართველი მწერლების 200-მდე ნაწარმოები, საზღვარგარეთ დაფინანსდა თარგმნილი ქართული ლიტერატურის 87, ქართულ ენაზე თარგმნილი უცხოური ლიტერატურის 25 გამოცემა; ხელი შეეწყო 20 ქართველი ავტორის 100-მდე საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობას, საქართველოს ეროვნული სტენდით 4 საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობა, მთარგმნელებისა და გამომცემლების 12 პროფესიული სემინარი და სხვა.

ცენტრის დირექტორმა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელ სამუშაოებზე საუბრისას ყურადღება პროექტის მნიშნველობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტი ეროვნული მნიშვნელობისაა და არა მარტო ქართული ლიტერატურის, არამედ ქართული კულტურისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული საზოგადოებისთვის წარდგენას ემსახურება.