გერმანიში მცხოვრები ქართველი მთარგმნელებისთვის მთარგმნელობითი სემინარი იმართება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სემინარს ფრანკფურტის ლიტერატურული სახლი 3-დან 8 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს.
სესიებს გერმანელი და ქართველი ექსპერტები ბატონი ედუარდ შრაიბერი და ბატონი ალექსანდრე კარტოზია ხელმძღვანელობენ. ხუთი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები მხატვრული პროზის ლიტერატურულ თარგმანზე იმუშავებენ. მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, ინტენსიური კურსი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. ინტენსიური სამუშაო სესიები თარგმანის შესრულებისას გასათვალისწინებელი ტენდენციებისა და სპეციფიკის მიხედვით ტარდება.
ანასტასია კამარაული, რუსუდან ფხაკაძე, თამარ მეცხოვრიშვილი, ვამეხ ოკუჯავა, თამარ მუსხელიშვილი, მაია თაბუკაშვილი ქართული ლიტერატურის იმ ნაწარმოებებს თარგმანებზე იმუშავებენ, რომელიც ჯერ არ თარგმნილა გერმანულ ენაზე და არც მიმდინარეობს მისი თარგმნა სხვა მთარგმნელის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მთარგმნელებისთვის მსგავსი ტიპის სემინარი ფრანკფურტის ლიტერატურის სახლში პირველად იმართება. პროექტის მიზანია, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციისას ქართული ლიტერატურის თარგმანების გერმანულენოვანი გამოცემების თვალსაზრისით ქართული ნაწარმობების გერმანულ ენაზე თარგმნისთვის ხელშეწყობა და მთარგმნელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება სამომავლო საქმიანობისთვის.