სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 10 თანამედროვე ავტორითა და 4 ახალი გერმანულენოვანი გამოცემით წარდგება.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით მეხუთე წელია მონაწილეობს. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, 17-დან 20 მარტის ჩათვლით დაგეგმილი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებით.

ოთხი დღის განმავლობაში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება გერმანულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული 2 რომანისა და პოეზიის 2 კრებულის კითხვა და პრეზენტაცია როგორც წიგნის ბაზრობაზე, ასევე ლაიფციგის ცნობილ ლიტერატურულ ცენტრში „კაფე ტელეგრაფი“.

საკუთარ ნაწარმოებებს გერმანელ მკითხველს ლაშა ბუღაძე, გურამ ოდიშარია, აბო იაშაღაშვილი, ელა გოჩიაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, შალვა ბაკურაძე, შოთა იათაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ნიკა ჯორჯანელი მთარგმნელებთან და გერმანელ გამომცემლებთან ერთად გააცნობენ.

ლაიფციგში გაიმართება ცენტრის 2016 წლის პირველი უცხოენოვანი გამოცემის ლაშა ბუღაძის „ლიტერატული ექსპრესის“ (გამომცემლობა Frankfurter Verlagsanstalt) კითხვა-დისკუსია. ავტორი წიგნს მთარგმნელთან, გერმანიაში მცხოვრებ ცნობილ თანამედროვე მწერალთან ნინო ხარატიშვილთან ერთად წარადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ახალი პროექტის „პირველი საერთაშორისო წიგნის პიჩინგი“ ფარგლებში გაიმართება ლიტერატურული პრემიის „საბა“ ლაურეატის აბო იაშაღაშვილის რომანის „როიალ მერი“ პიჩინგი. პროექტის მიზანია, გერმანელი გამომცემლებისა და ლიტერატურის აგენტებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი, საინტერესო ავტორების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ინტერესისა და ცნობადობის გაზრდას, მეორე მხრივ კი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას; ასევე დაგეგმილია გურამ ოდიშარიას „დევნილთა უღელტეხილის“ (გამომცემლობა Reichert Verlag) კითხვა-დისკუსია; 6 თანამედროვე პოეტის - მაია სარიშვილის, ზვიად რატიანის, შოთა იათაშვილის, ელა გოჩიაშვილის, შალვა ბაკურაძისა და ბელა ჩეკურიშვილის ლექსების კრებულის, ე.წ. არტ-ბუქის "Aus der Ferne" (გამომცემლობა Corvinus Presse) და ყველა ეპოქის 80-ზე მეტი ქართველი ავტორის პოეტური ნაწარმოების კრებულის - ქართული ლირიკის ანთოლოგია (გამომცემლობა Pop Verlag) - პრეზენტაციები.

ცენტრის მიერ დაგეგმილი პროგრამის პარალელურად, ლიტერატურული ღონისძებებს გამართავენ გერმანული გამომცემლობები. Frankfurter Verlagsanstalt და Corvinus Press-ის ორგანიზებით, ღონისძიებები დაგეგმილია „Red Sofa“-ზე, Arts centre naTo e.V., Forum The Independets, Margareten kantine & salon-ში.


პროგრამა