ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 2014 წელს გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები დაესწრნენ.
ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 10-ზე მეტ ქვეყანაში 28 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. 40-მდე ქართველი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, თურქულ, ბერძნულ, არაბულ, ებრაულ, მაკედონიურ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ავტორებთან ერთად უცხოელი გამომცემლები ქართველი კლასიკოსების შემოქმედებით დაინტერესდნენ. შესაბამისად, 2014 წელს ითარგმნა და გამოიცა:
გერმანიაში - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (სასაჩუქრე წიგნი), ქართული ლიტერატურის ანთოლოგია, მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელისო“, ვაჟა-ფშაველას მოთხრობები, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“; აშშ-ში - ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“, დათო ბარბაქაძის პოეტური კრებული “ნატურმორტი თოვლში”, თამაზ ჭილაძის „ბრეიგელის მთვარე“, მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“, ანა კორძაია-სამადაშვილის „მე, მარგარიტა“; იტალიაში - ქართული პოეზიის ანთოლოგია, ზაზა ბურჭულაძის „ადიბასი“, ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“; თურქეთში - ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, ზურაბ ქარუმიძის „Dagny or a Love Feast“; საბერძნეთში - დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“; უკრაინაში - ბასა ჯანიკაშვილის „ომობანა“; რუსეთში - ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“, თამთა მელაშვილის „გათვლა“; ისრაელში - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“; მაკედონიაში - ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“ და „თეთრი ბაირაღები“; ეგვიპტეში - ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“; სომხეთში - ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიში“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“; აზერბაიჯანში - აკა მორჩილაძის „გადაფრენა მადათოვზე და უკან“.