სიახლეები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის გადაცემა, საქართველოს პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია, თანამედროვე ქართველი ავტორების მარათონი, კლასიკოსი მწერლების ახალი თარგმანების პრეზენტაციები - საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10-15 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 15-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიება გაიმართა.

წელს პირველად გაიმართა თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, რომელშიც ზურაბ ქარუმიძემ (Dagny or A Love Feast), ნესტან (ნენე) კვინიკაძემ (ისპაჰანის ბულბულები), ბექა ადამაშვილმა (ბესტსელერი), სალომე ბენიძემ (ქალაქი წყალზე) და ლაშა ბუღაძემ (Lucrecia515) საკუთარი უახლესი გერმანულენოვანი თარგმანები წარადგინეს. ჩატარდა ქართველი კლასიკოსი მწერლების ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების“ თარგმანების პრეზენტაციები; ქართული პროგრამის ფარგლებში, გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილი დისკუსია, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და LTI Korea-ს შორის, გაიმართა საქმიანი შეხვედრები ქართველ და უცხოელ გამომცემლებს შორის.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგინა საქართველო, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის დასასრულს, კი საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. 
 
2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამის მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კონრად ადენაუერის ფონდი, კომპანია Weinland Georgien, ღვინო „ბუნებური“.