სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართველი გამომცემლები საზაფხულო პროფესიულ სემინარში მიიღებენ მონაწილეობას. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ინიციატივითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით მსგავსი ვორქშოპები რეგიონის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება. მიმდინარე წელს უკრაინულ ორგანიზაციასთან ბუქ არსენალთან თანამშრომლობით ოთხდღიანი სემინარი კიევში 5-8 ივლისს გაიმართება. ინტენსიურ კურსს გერმანელი ექსპერტები გაუძღვებიან. მონაწილეები საგამომცემლო სახლების სტრატეგიის შემუშავებაზე, მარკეტინგის დაგეგმვასა და საავტორო უფლებების გაყიდვის თემებზე იმსჯელებენ. სემინარებზე განსაკურთებული ყურადღება დაეთმობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის გამომცემლების მომზადების საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად საგამომცემლო პროფესიულ სემინარს საქართველოდან სხვადასხვა ჟანრის ქართველი გამომცემლები დაესწრებიან.