ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, 13 – 17 ივნისს, თბილისს წამყვანი გერმანული მედიისა და ლიტერატურული ფესტივალების ხელმძღვანელები სტუმრობენ. ფესტივალების Litcologne, lit.RUHR, Bremen Festival და Lettretage ხელმძღვანელები, ბეჭდური მედიის Die Taz-ის, Süddeutschen-ის და რადიო Saarlaendischer Rundfunk-ის კულტურის ჟურნალისტებთან ერთად ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა გერმანელ სტუმრებს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელა.
ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, პოეტებთან, კრიტიკოსებთან, ლიტერატორებსა და სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან; ვიზიტები მწერალთა სახლში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და გალერეაში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გოეთეს ინსტიტუტში. ცნობილი და პრესტიჟული მხატვრული ლიტერატურის, პოეზიის და ახალგაზრდული ფესტივალების წარმომადგენლები 2018 წელს თანამედროვე ქართველი ავტორების მონაწილეობით კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავენ.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსგავსი ვიზიტების ორგანიზებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების და ქართველი ავტორების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მიმართ ევროპული საზოგადოების ინტერესის გაზრდასა და ცნობადობის ამაღლებას.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და გოეთეს ინსტიტუტი თბილისში.