სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისში, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის ქართულ-გერმანული პირველი ფორუმ-დიალოგი მიმდინარეობს.

ცენტრის მოწვევით, 24-28 აპრილს თბილისს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბავშო და ვიზუალური სექციის კოორდინატორი Hendrik Hellige, გამომცემლები Edmund Jacoby, Daniela Filthaut, Stephan Trudewind, პოპულარული საბავშვო ჟურნალის „eselsohr“ რედაქტორი Christine Paxmann და ბერლინის საბავშვო ლიტერატურული ფესტივალის დირექტორი Ulrike Nickel სტუმრობენ.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება გერმანელი სტუმრების ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ქართველ კოლეგებთან, საბავშვო ავტორებთან, ილუსტრატორებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლებთან. პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფორმატში გაეცნობიან ქართულ საბავშვო და კულინარიულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით დაიგეგმება კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორცილება.

საბავშვო/საყმაწვილო ლიტერატურის მიმართულებით პირველი ფორუმ-დიალოგის პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, კავკასიური სახლი, მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის ქართულ-გერმანული პირველი ფორუმ-დიალოგი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან, 23 აპრილთან დაკავშირებით, იმართება.